X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი - საჯარო მოხელის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული იმ სტრატეგიების და ნაბიჯების განხორციელება, რომელსაც ქვეყნის განვითარებისთვის ვდგამთ

20 დეკემბერი 2019

საჯარო მოხელე არის ადამიანი, რომლის პროფესიონალიზმზე დამოკიდებულია ის სტრატეგიები,  განვითარების ხედვები და ნაბიჯები, რომელსაც  ჩვენ ქვეყნის განვითარებისთვის ვდგამთ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საჯარო მოხელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. 

ვიცე-პრემიერმა  ყურადღება გაამახვილა საჯარო სამსახურის რეფორმაზე და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო აპარატი უნდა იყოს კიდევ უფრო მაღალი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული, უფრო მდგრადი, სტაბილური, დეპოლიტიზირებული, მომავალზე ორიენტირებული და მოტივირებული იმ შრომისთვის, რომელსაც საჯარო მოხელეები ყოველდღიურ რეჟიმში ეწევიან და რომელიც რეალურად ცვლის  მოქალაქეების ცხოვრებას. 

„პირველად, როდესაც საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელების საჭიროებაზე დავიწყეთ საუბარი 2013 წელს, ძალიან ბევრი გამოწვევა იდგა მაშინ საჯარო სამსახურის წინაშე. მათ შორის ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საჯარო სამსახური. სამწუხაროდ, გვქონდა ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც არჩევნების შედეგებთან ერთად ათასობით ადამიანი ტოვებდა სამსახურს და რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო ამოცანა, მთლიანად ახალი ხელისუფლების, ისევე როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების იყო ის, რომ შეგვექმნა ისეთი სისტემა, რომელიც იქნებოდა სტაბილური, მდგრადი და რა თქმა უნდა, ყოფილიყო პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული საჯარო სამსახური, ნაცვლად არასტაბილური სამსახურისა, რომელიც პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად შეიცვლებოდა. 

მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ ახალი კანონი, შევიმუშავეთ ძალიან ბევრი საჭირო რეგულაცია, შემოვიღეთ ახალი სტანდარტები, მე დღეს უკვე, ამ 5 წლის გასვლის შემდეგ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა საჯარო სამსახურში. ძალიან ბევრი ის მიდგომა, რომელიც დაინერგა და ამ მიდგომებმა გაამართლა, ჩვენ, საჯარო მოხელეებმა, თქვენ ყველამ ერთად ალბათ ჩვენი როლიც უფრო დავინახეთ, ჩვენი ფუნქციაც უკეთ დავინახეთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

ვიცე-პრემიერმა რეფორმის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის  ევროკავშირს, გაეროს, GIZ-ს, ნატოს სამეკავშირეო ოფისს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, USAID-ს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მაია ცქიტიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა  
საჯარო სამსახურის ბიუროს როლს.

ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ. 
„ქვეყნის პრიორიტეტია, რომ ყველა დონეზე, იქნება ეს ცენტრალური თუ თვითმმართველობის საჯარო დაწესებულებები, ერთნაირი სტანდარტის პროფესიონალი საჯარო მოხელეები გვყავდეს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ იმ ახალი მექანიზმების და სამართლებრივი ჩარჩოთი ამ ყველაფრის დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში, როგორიც ამ 5 წლის განმავლობაში ახალი კანონმდებლობის სახით შეიქმნა“, - განაცხადა ეკატერინე ქარდავამ. 
საჯარო სამსახურის წარმატებული ფუნქციონირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა. ლუიზა ვინტონის შეფასებით, UNDP ამაყობს იმით, რომ პირველივე დღიდან მხარს უჭერდა რეფორმას. 
„ ცხადია, რომ საზოგადოება ძალიან კმაყოფილია საჯარო მომსახურების ხარისხით, რაც ძალიან სასიხარულოა. ზოგჯერ სასურველია, რომ კარგი მაგალითი უფრო ფართოდ გამოჩნდეს და გავრცელდეს გეოგრაფიულად, სხვადასხვა საჯარო სამსახურში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საერთო სურათი ძალიან პოზიტიურია“, - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა. 

საჯარო მოხელეებს პროფესიული დღე მიულოცა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. კარლ ჰარცელმა საქართელოს მთავრობას მადლობა გადაუხადა რეფორმისთვის, რომელიც საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმის დახვეწასა და დამოუკიდებლობის დაცვას ემსახურება.

„მართალია, კანონი საჯარო სამსახურის შესახებ ძალში შევიდა მხოლოდ 2 წლის წინ, მისი განხორციელების პირველ წლებში უკვე გვაქვს კონკრეტული, ხელშესახები შედეგები, მაგალითად: საჯარო სამსახურში დაქირავების, კარიერული ზრდის და ანაზღაურების უფრო მკაფიო და გამჭვირვალე პროცესი და საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების სისტემის სრულყოფა. საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელობით, განხორციელდა ბევრი წარმატებული რეფორმა. 
ეს მიღწევები შესაძლებელი გახდა ასევე ყველა დაინტერესებული მხარის მხარდაჭერის წყალობით. ჩვენ გავხდით სამაგალითო თანამშრომლობის მოწმენი ისეთ ინსტიტუტებს შორის, როგორიცაა მთავრობის ადმინისტრაცია, საჯარო სამსახურის ბიურო, იუსტიციის სამინისტრო და სხვა სამინისტროები, მათ შორის ადგილობრივ დონეზე“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

პროფესიული საჯარო მოხელისადმი მიძღვნილი ღონისძიება „რესპუბლიკაში“ საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომლის  მთავარი გზავნილი იყო „სახელმწიფოს განვითარების გზა პროფესიულ საჯარო მოხელეზე გადის“, შეაჯამეს 2019 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურის რეფორმის მიზნით შესრულებული სამუშაოს შედეგები.
გახსნითი ნაწილის შემდეგ, გაიმართა პანელური სესია თემატიკაზე: „მოხელის განვითარება, პროფესიული საქმიანობისა და პირადი ცხოვრების ბალანსი“.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენაც, სადაც წარმოდგენილი იყო საჯარო მოხელეების ნამუშევრები.